ყველა სპორტული სიახლე

„ძლევაი საკვირველი“ სამტრედიულად

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის მთავარი მოულოდნელობა სამტრედიაში გორის „დილა“ გამანადგურებელი მარცხი იყო. გორელებს მიმდინარე სეზონში მანამდე არ წაეგოთ და გია ცეცაძის მიერ დამოძღვრილი „სამტრედიისგან“ ერთბაშად 5 უპასუხო გოლი გაუშვეს.

რაც უჩა სოსიაშვილი შიდაქართლელთა მწვრთნელია, მის გუნდს მსგავსი ანგარიშით არცერთ ტურნირზე წაეგო. სანაკრებო მატჩების გამო,  ჩემპიონატში გამოწვეულმა შესვენებამ გორელებს სულზე მიუსწრო და გონზე მოსასვლელად დრო აქვთ. ფაქტია, რომ სამტრედიაში „სილის გალაწუნება“ მათთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. მითუმეტეს, მარცხის შემდეგ 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

ცეცაძემ „სამტრედიას“ თავისი ხელი აშკარად დაატყო. გუნდი გააზრებულ, ლაღ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს. საერთოდ, ამ ახალგაზრდა სპეციალიტს ნიჭი აქვს, რომ სხვა გუნდებში დაწუნებული ფეხბურთელები აათამაშოს. გამონაკლისი, არც მისი ამჟამინდელი სამწყსოა. თავად მოთამაშეებიც არ მალავენ, რომ ცეცაძე ყველა ნიუანსს დაწვრილებით უხსნით და მოედანზე სიტუაციაში გარკვევა გაცილებით უადვილდებათ. მწვრთნელის მუშაობის შედეგი სახეზეა - „სამტრედია“ მე-3 ადგილზეა. უდავოა, რომ სამტრედიელთა დამრიგებელი ტურის მწვრთნელია.

კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს და გუნდის „აწყობა“ შეუძლია ვარლამ კილასონიაა. გასულ სეზონში, მისი დამოძღვრილი რუსთავის „მეტალურგი“ ძალიან სიმპათიური გუნდია იყო და პირველ წრეში შინ თუ გარეთ ტოლს არავის უდებდა. ღრმა ფინანსური კრიზისი რომ არა, რუსთაველები უმაღლესი ლიგიდან ნამდვილად არ გავარდებოდნენ.

კარგია, რომ კილასონია უმუშევარი არ დარჩა და თავის გამოჩენის საშუალება ბოლნისის „სიონში“ მიეცა, სადაც ადრეც უღვაწია. მან გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზის შედეგად მართლაც კარგი გუნდი შეკრა და ჯერჯერობით შედეგიც  აქვს. „სიონი“ ერთადერთია, რომელსაც ჩემპიონატში არ წაუგია და თუ გასულ სეზონში ქვემოქართლელები ლიგაში დარჩენას ლამობდნენ, ამჯერად, მეორე ადგილზე იმყოფებიან. თან, ლიდერ „დინამოს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან. გასულ ტურში, რომ „სიონი“ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მარტვილის „მერანს“ დაამარცხებდა დიდ ეჭვს არ იწვევდა და პროგნოზიც გამართლდა.

ჩემპიონატის სტარტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „სიონი“ საშინაო მატჩებს მშობლიურ „თამაზ სტეფანიაზე“ როდესაც მართავს სულ სხვა გუნდია. ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველი წრის ბოლომდე სახლში ითამაშოს. არადა, სეზონის დაწყებამდე ბოლნისელებს „თამაზ სტეფანიაზე“ თამაშის უფლება საწყისი ორი თვე დართეს და შემდეგ, მათ სტუმრები გორში უნდა მიიღონ.

ერთტურიანი პაუზის მერე, თბილისის „დინამო“ კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ბათუმელი თანამოსახელეები თბილისელებმა 19 წლის ოთარ კიტეიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა პირველად გაიტანა და მისი ზუსტი დარტყმა სამქულიანი აღმოჩნდა. ბათუმელებს, რომ სასწრაფოდ სიტუაცია გამოსასწორებელი აქვთ, ამას სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე ყოფნაც მეტყველებს. გამოცდილ შოთა ჭეიშვილს ბევრი შრომა მოუწევს, რომ გუნდი გასული სეზონის მსგავსად აათამაშოს.

„ცხინვალმა“ კარგი ტემპი „აკრიფა“ და კახა კაჭარავა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მწირი ბიუჯეტით საქართველოს დონეზე ნორმალური კოლექტივის „შეკვრა“ შეუძლია. სეზონის დაწყებამდე ის არ ამალავდა, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა და იმ ფეხბურთელებს მიიყვანდა, ვისაც თამაში ნამდვილად სურს. სჩანს, ამ ეტაპზე ჩანაფიქრი განახორციელა. მამას მხარში კარგად ამოუდგა ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც 7 ტურში 8 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

თერჯოლის „საპოვნელამ“ ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო. მირიან გეწაძის გაწვრთნილებმა თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს და იმ  გუნდების სიას გამოაკლდნენ, რომელთაც ამ სეზონში გამარჯვების გემო არ იცოდნენ.

ამჯერად, მოუგებელი მხოლოდ „ზუგდიდია“, რომელსაც ლანჩხუთის „გურიასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი ლანჩხუთელთა მეკარე მიხეილ გოგუაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადაიდო.

იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედო“ „ჩიხურასთან“ უშანსოდ დამარცხდა. ქუთაისელებს ზედიზედ სამი ტურია არ მოუგიათ და სეზონის წინ მათ მიერ დასახული გეგმები, მიმდინარე მოვლენებთან თანხვედრაში არანაირად მოდის. რთული საკითხავია ამოეწურა თუ არა მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას, მაგრამ ფაქტია მის მიმართ სეზონის სტარტამდე სხვა ავანსები გაიცა.

კარგი სტარტის მერე, „საბურთალომ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, თბილისელები სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ უქულოდ დარჩნენ. სჩანს, ფეხბურთელთა უმრავლესობის ახალგაზრდულ ასაკსა და უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების არქონას თავისი გააქვს.

ფეხბურთი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ