ყველა სპორტული სიახლე

ორი სპორტსმენით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ზამთრის მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებას მიეძღვნა. საქართველო ზამთრის თამაშებზე (ისევე, როგორც 4 წლის წინ ინსბრუკში გამართულ პირველ ამგვარ თამაშებზე) ორი სპორტსმენით წარსდგება: მოციგავეთა ტურნირზე გამოვა ლაშა ფერაძე, სამთო თხილამურობის ორ დისციპლინაში იასპარეზებს ბესარიონ ჯაფარიძე. მოციგავეთა შეჯიბრება 14 თებერვალს ჩატარდება, ჯაფარიძე კი სტარტს 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში აიღებს, ხოლო სამი დღის შემდეგ, 19 თებერვალს სლალომისტთა ტურნირში ჩაებმება. ფერაძე ლატვიაში ემზადებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის და მწვრთნელ ფელიქს ქუმარიტაშვილთან ერთად ლილეჰამერში იქიდან ჩავა.

მამუკა ხაბარელი, იასონ აბრამაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე, ლერი ხაბელოვი და გიორგი ესაკია

პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომ ჩვენს დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. დელეგაციის შემადგენლობაშია, აგრეთვე, მწვრთნელი იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურობა), რომელიც ზამთრის სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

             

ოლიმპიური თამაშების ემბლემა                                                                             ლინქსი - ოლიმპიური თამაშების თილისმა

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას, წარმატება უსურვა ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოთქვა, რომ ლილეჰამერში მიღებული გამოცდილება მათ დაეხმარება 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაში.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი

ახალგაზრდული ოლიმპიადა ლილეჰამერში 12 თებერვალს გაიხსნება. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცენტრი მსოფლიოს 71 ქვეყნის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის სამასპინძლოდ მზად არის (წინა თამაშებზე, ინსბრუკში 69 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა). ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან ზამთრის სპორტის 15 სახეობაში. 10 ოლიმპიური დღის განმავლობაში გათამაშდება მედლების 70 კომპლექტი. ყველაზე დიდი - 73-კაციანი გუნდი ეყოლება მასპინძელ ნორვეგიას, სადაც ზამთრის სპორტი განსაკუთრებით პოპულარულია. ლილეჰამერში წარმომადგენლობითი დელეგაციებით ჩადიან ამერიკელები, კანადელები, რუსები, გერმანელები. ნორვეგიის ამ ქალაქმა 22 წლის წინ, 1994 წელს ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. სწორედ ამ თამაშებზე შედგა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დებიუტი.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ