ყველა სპორტული სიახლე

ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია  ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი 377 ქულით დაასრულა და ფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილით შევიდა. ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9 ქულით.

ევროპის ჩემპიონატი დიორში 24 თებერვალს დაიწყო. ამ ტურნირზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი ლიცენზიაც თამაშდება. თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე დიორში ისევ ახალგაზრდები იასპარეზებენ, ამჯერად - ვაჟები, სადაც ორი მონაწილე გეყოლება: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი. ისინი ხუთშაბათს ისვრიან და იმავე დღესვე გაიმართება შერეული წყვილებიც ახალგაზრდებში, სადაც წყვილს ქვეყნიდან საუკეთესო გოგონა და ვაჟი შეადგენენ.

26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან, ჩვენგან კი ლიცენზიისთვის ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გაისვრიან. ჩემპიონატი 27 თებერვალს ქალთა შეჯიბრებით დასრულდება, სადაც ასევე ორი მონაწილე გვეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძეს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

www.msy.gov.ge

ტყვიის სროლა, პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ