ყველა სპორტული სიახლე

ცოტნე მაჭავარიანი - კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზიანტი

ქართველ ოლიმპიელთა რიგებში მატებაა - 18 წლის ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე XXXI ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ცოტნემ 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 579 ქულა მოაგროვა (პირადი რეკორდი), მეექვსე შედეგი აჩვენა და ფინალში გავიდა (ფინალშიც ასევე მეექვსე იყო). (იხილეთ ლიცენზიანტების სია)

რაკი რვა ფინალისტთაგან ხუთს მანამდე უკვე აღებული ჰქონდა ოლიმპიადის საგზური, ჩვენმა მსროლელმა ჩემპიონატის ამ ეტაპზევე გაინაღდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა.

ცოტნე მაჭავარიანი მოზრდილთა ევროპულ ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, არადა, ასაკის მიხედვით, იუნიორთა ტურნირში უნდა ჩართულიყო. სწორედ იმის გამო, რომ გიორში სამი ოლიმპიური ლიცენზია თამაშდებოდა, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ცოტნესთვის შანსი მიეცათ. მან დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და რიოში სახელოვანი დედის _ ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსნის (ოქრო, ვერცხლი, ბრიონჯაო) ნინო სალუქვაძის მხარდამხარ იასპარეზებს.

ნინომ ქართველ სპორტსმენთა შორის პირველმა აიღო ოლიმპიადის საგზური და სარეკორდო, მერვე თამაშებზე მოუწევს გამოსვლა. ქართული სპორტის ისტორიაში ასევე პირველი შემთხვევაა (მსოფლიო სპორტში კი _ ძალზე იშვიათი), რომ ერთ ოლიმპიადაზე, სპორტის ერთ სახეობაში დედა-შვილი ერთად გამოვა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ წარმატების სათავეში დგას სახელოვანი მწვრთნელი, ჩვენი ლიცენზიანტების მამა და ბაბუა ვახტანგ სალუქვაძე.

cotne-2

www.geonoc.org.ge

ტყვიის სროლა

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ