ყველა სპორტული სიახლე

5 წელი დიდი გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე დიდ გამარჯვებას 2011 წლის 26 მარტს ხორვატიასთან შეხვედრაში მიაღწია. დღეს აღნიშნული მატჩიდან ზუსტად ხუთი წელი გავიდა.

ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიას გუნდმა ''დინამო არენაზე'' 1:0 დაამარცხა ხორვატია, რომელსაც ''ვესტ ჰემის'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ხელმძღვანელობდა.

მატჩამდე ხორვატია ფიფა-ს რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფებოდა. ბილიჩის გუნდი იყო ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი ნაკრები, რომელიც საქართველოს ოდესმე დაუმარცხებია.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე სფფ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაიტანა. საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მიიღეს, საგოლე პასი კი ოთარ მარცვალაძემ შეასრულა, რომელიც ცვლილებაზე გამოჩნდა მინდორზე და საგოლე პასის გარდა თავი ბრწყინვალე სოლო რეიდით დაგვამახსოვრა.

მატჩს იტალიელი მსაჯი პაოლო ტალიავენტო სჯიდა. საინტერესოა, რომ ტალიავენტო ასევე გაუძღვა საქართველოსა და პოლონეთის გუნდების დაპირისპირებას, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2014 წლის 14 ნოემბერს ''დინამო არენაზე'' თემურ ქეცბაიას გუნდმა პოლონელთაგან ოთხი უპასუხო გოლი მიიღო. ეს მატჩი ქეცბაიასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მან გუნდში მუშაობა მძიმე მარცხით დაასრულა.

ხორვატიასთან მატჩამდე ქეცბაიას ხელში ეროვნულმა გუნდმა 9 მატჩიანი წაუგებელი სერია შეასრულა, მე-10 მატჩში კი ხორვატიას სძლია. 10 მატჩიანი წაუგებელი სერია საქართველოსთვის ისტორიული იყო. ეს მაჩვენებელი არც მანამდე და შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდი სტუმრად ისრაელთან დამარცხდა, რასაც გუნდის წარუმატებელი მატჩები მოჰყვა.

საბოლოოდ ევრო 2012 წლის შესარჩევ ციკლში, 6 გუნდიან ჯგუფში საქართველომ მხოლოდ აუტსაიდერ მალტას გაუსწრო, ასევე ისიც ხაზგასასმელია, რომ მალტამ ერთადერთი ქულა სწორედ საქართველოსთან შეხვედრაში მოიპოვა.

საქართველო - ხორვატია 1:0 (0:0)

26 მარტი, დინამო არენა

საქართველო: რევიშვილი, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ამისულაშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კანკავა, დაუშვილი (გოგუა 73), იაშვილი (მარცვალაძე 62), დვალიშვილი (სირაძე 46)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ხორვატია: რუნიე, სრნა, ჩორლუკა, სტრინიჩი, ლოვრენი, კრანჩარი (იელავიჩი 70), მოდრიჩი, რაკიტიჩი (პერიშიჩი 61), დუიმოვიჩი, პეტრიჩი (პრანიჩი 84), კალინიჩი

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლი: 1:0 კობიაშვილი (90)

გაფრთხილება: დუიმოვიჩი (52), კრანჩარი (66), მარცვალაძე (71)

მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

 

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ