ყველა სპორტული სიახლე

ვაისის დებიუტი, ბაისუფინოვის მეორე სტუმრობა

საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების არსებობის მანძილზე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან.

პირველად საქართველოს ნაკრები ყაზახებს 2005 წლის აგვისტოში, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდა.

მაშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტი ორი თვის შეცვლილი იყო და ახალმა თავკაცმა უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა ეროვნულ გუნდში ფრანგი ალენ ჟირესის მაგივრად გაიოზ დარსაძე დანიშნა. ამ უკანასკნელის დებიუტი ყაზახებთან შედგა და იღბლიანი აღმოჩნდა. ალმატიში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, ხოლო შესვენების შემდეგ, გიორგი დემეტრაძის დუბლით გაიმარჯვეს.

იმავე წლის შემოდგომაზე ქართველებმა ყაზახებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. თამაშმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა. საქმე ისაა, რომ მსოფლიო პირველობის შესარჩევ ციკლში 2005 წლის 30 მარტს საქართველოს ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ თურქეთთან 2:5 წააგო, ხოლო მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე მომხდარი ექსცესების დროს თურქი გულშემატკივრები დაშავდნენ. ამიტომ, ფიფამ საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრის მაყურებლების თანდასწრებით გამართვა აუკრძალა.

ცარიელი ტრიბუნების წინაშე ქართველებმა პირველად 2005 წლის 3 სექტემბერს უკრაინის ნაკრებთან (1:1) ითამაშეს, ხოლო მეორე - ყაზახეთის.

ამჯერად, დარსაძის გაწვრთნილებს არ გაუმართლათ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა, ხოლო ალმატის შეხვედრის გმირმა დემეტრაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. მის მიერ დარტყმული ბურთი ყაზახეთში დაბადებულ-გაზრდილმა დავით ლორიამ მოიგერია, რომელიც ამჟამადაც ნაკრებშია.

სხვათა შორის, ყაზახებისთვის ის შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა. მას მერე, რაც ისინი 2002 წლის 25 აპრილს უეფას წევრები გახდნენ, შესარჩევ ციკლში პირველი ქულა აიღეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია აზიის საფეხბურთო კონფედერაციის წევრი გახდა. თუმცა, 2000 წელს ყაზახური ფეხბურთის ხელმძღვანელებმა აზიაში ყოფნას ევროპაში თამაში ამჯობინეს და თხოვნით უეფას მიმართეს, რაც დაკმაყოფილა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი იყო, რომელშიც ყაზახებმა უეფას წევრის სტატუსით ითამაშეს.

მესამედ საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ეროვნულ გუნდს 2013 წლის 14 აგვისტოს ასტანაში შეხვდა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილები „ასტანა არენაზე“ 0:1 დამარცხდნენ.

29 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გუნდები ერთმანეთს მეოთხედ დაუპირსპირდებიან. საქართველოს ნაკრებში დებიუტი სლოვაკ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ექნება. მისთვის ყაზახური ფეხბურთი უცხო არაა, რადგან ბოლოს სამი წლის განმვლობაში ალმატის „ქაირათს“ ავარჯიშებდა. ვაისს ყაზახეთის ნაკრების გაწვრთნასაც სთავაზობდნენ, მაგრამ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გაიწელა და საბოლოოდ, სლოვაკი ქართველების წინადადებას დათანხმდა.

ყაზახებს ტალგატ ბაისუფინოვი გაუძღვება, რომელიც რუსი იური კრასნოჟანის წასვლის მერე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ბაისუფინოვს დებიუტი 26 მარტს ჰქონდა, როდესაც ყაზახებმა ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებს 1:0 აჯობეს. 11-წლიანი პაუზის მერე, ბაისუფინოვი პირველი ყაზახი სპეციალისტია, რომელიც სათავეში თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა,

აღსანიშნავია, რომ ბაისუფინოვი მწვრთნელის რანგში საქართველოში პირველად არ იმყოფება. 2011-2012 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის მეორე რაუნდში ბაისუფინოვის დამოძღვრილი პავლოდარის „ირტიში“ რუსთავის „მეტალურგს“ შეხვდა. რუსთავში ჩატარებული პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხი შეხვედრაში თორნიკე მაისურაძის გაწვრთნილმა „მეტალურგმა“ 2:0 გაიმარჯვა.

მომავალი მატში 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებისთვის ყაზახებთან მატჩი ბოლო საშინაო სპარინგია. ამიტომ, ვაისის მოთხოვნით თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც მომავალ შესარჩევში ქართველები მეტოქეებს მიიღებენ.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

ყაზახეთი - საქართველო 1:2 (1:0)

2005 წელი. 17 აგვისტო. ყაზახეთი. ალმატი. სტადიონი „ცენტრალნი“. 15000 მაყურებელი.

ყაზახეთი:  დავით ლორია,  კუჩმა, ფამილცევი (კ), ირისმეტოვი, ხოხლოვი, ტრავინი, აზოვსკი (ნიზოვცევი, 58), ლარინი (ჩიჩულინი, 82), ბაიჟანოვი, ჟუმასკალიევი, კენჟეხანოვი (კროხმალი, 65).

მთავარი მწვრთნელი: სერგეი ტიმოფეევი. საქართველო:  ლომაია,  მენთეშაშვილი,  ალადაშვილი (დავით ოდიკაძე, 77), ხიზანიშვილი, კალაძე (კ), კანკავა, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, გახოკიძე, ალექსანდრე იაშვილი (დავით მუჯირი, 65), დემეტრაძე (განუგრავა, 89). მთავარი მწვრთნელიგაიოზ დარსაძე

გოლები1:0 კენჟეხანოვი (23, პენ.), 1:1 გიორგი დემეტრაძე (50), 1:2 გიორგი დემეტრაძე (82). გაფრთხილებები:  ცქიტიშვილი (47), ტრავინი (47), ალადაშვილი (73), ხიზანიშვილი (88), მენთეშაშვილი (90). მთავარი მსაჯი: რიხარდ ჰავრილა (სლოვაკეთი)

საქართველო - ყაზახეთი 0:0

2005 წელი. 8 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. უმაყურებლოდ.

საქართველო:  რევიშვილი,  მჟავანაძე,  სალუქვაძე,  ასათიანი,  განუგრავა,  კანკავა, კობიაშვილი,  დემეტრაძე, დავით მუჯირი,  კალაძე (კ), აშვეთია (წინამძღვრიშვილი , 86) მთავარი მწვრთნელიგაიოზ დარსაძე. ყაზახეთი:  დავით ლორია, მუკანოვი,  კუჩმა (ფამილცევი, 50), სმაკოვი, ირისმეტოვი, ტრავინი,  აზოვსკი,  ნიზოვცევი,  ლარინი (ხოხლოვი, 51), ჟუმასკალიევი (კ), კენჟეხანოვი (ლიტვინენკო, 64). მწვრთნელი: სერგეი ტიმოფეევი

მე-7 წუთზე გიორგი დემეტრაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარემ მოიგერია).

გაფრთხილებები: ლორია (7), ნიზოვცევი (19), აზოვსკი (35), კობიაშვილი (53), ასათიანი (70), ირისმეტოვი (90).

მთავარი მსაჯი: იუნი ჰიიტია (ფინეთი)

ამხანაგური მატჩი

ყაზახეთი - საქართველო 1:0 (1:0)

2013 წელი. 14 აგვისტო. ყაზახეთი. ასტანა. სტადიონი „ასტანა არენა“. 135000 მაყურებელი. ყაზახეთი: სიდელნიკოვი (მოკინი, 46), მულდაროვი (გურმანი, 46), კისლიცინი, ნურდაულეტოვი (კ), დმიტრენკო, ჟუმასკალიევი (ბაიჟანოვი,78), ბოგდანოვი,  შომკო (იურინი, 90), ხიჟნიჩენკო (ოსტაპენკო , 62), კორობკინი, შჩოტკინი (ენგელი, 69) მთავარი მწვრთნელი: მიროსლავ ბერანეკი (ჩეხეთი) საქართველო:  რევიშვილი, გურამ კაშია (შოთა გრიგალაშვილი, 81), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი,  გრიგალავა (დავით კვირკველია, 63), კანკავა (კ), სანდრო კობახიძე, თარგამაძე (ნიკა გელაშვილი, 68), ანანიძე (ელგუჯა გრიგალაშვილი, 46), ოქრიაშვილი (დვალიშვილი, 46), სირბილაძე (მჭედლიძე, 46). მთავარი მწვრთნელითემურ ქეცბაია

გოლი1:0 სერგეი ხიჟნიჩენკო (20). მთავარი მსაჯი: სერგეი ცინკევიჩი (ბელარუსი). ვლადიმირ ვაისი

 

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ