ყველა სპორტული სიახლე

ელენიო ერერა: „პელე ვიოლინოა, ხოლო დი სტეფანო მთელი ორკესტრი“.

იტალიური „კატენაჩოს“ ფუძემდებლად ლეგენდარული მწვრთნელი ელენიო ერერა მიიჩნევა.

ერერა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში დაიბადა, ხოლო მოგვიანებით ოჯახთან ერთად მაროკოში გადასახლდა და საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. მან ფეხბურთის თამაში მაროკოში დაიწყო, რის შემდეგ, საფრანგეთში გააგრძელა. კარიერის დასრულების მერე, ერერა სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. არგენტინელი საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და პორტუგალიაში მუშაობდა.

ერერამ ყველაზე დიდ წარმატებას მილანის „ინტერში“ მიაღწია, რომელსაც 1960-1968  წლებში წვრთნიდა. ის პერიოდი „ნერაძურისთვის“ „ოქროს ხანად“ მიიჩნევა. ერერამ „ინტერთან“ ერთად 3-ჯერ (1963, 1965, 1966) იტალიის ჩემპიონატი მოიგო, 2-ჯერ (1964, 1965) ევროპის ჩემპიონთა თასი და ამდენჯერვე საკონტინეტთაშორისო თასი (1964, 1965). მსგავსი შედეგი დღემდე მილანელთა არცერთ მწვრთნელს უჩვენებია.  „ინტერში“ მისი მიღწევების მთავარ საფუძვლად ტაქტიკური სქემა „კატენაჩო“ მიიჩნეოდა, რომელიც დაფუძნებული დაცვით ფეხბურთსა და ბევრ ტაქტიკურ ჯარიმებზე იყო.

მანამდე, მან ესპანეთშიც ნაყოფიერად იმუშავა, სადაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩემპიონატის ოქროს მედლები 2-ჯერ (1950, 1951) მოაპოვებინა. „ინტერში“ გადასვლამდე ერერა „ბარსელონას“ ავარჯიშებდა და პრიმერადივიზიონში 2-ჯერ (1959, 1960) გაამარჯვებინა და ერთხელ თასი ააღებინა (1959). სხვათა შორის, ის „ბარსაში“ 1979-1981 წლების სეზონში დაბრუნდა და თასი კვლავ მოაპოვებინა (1981).

„ინტერიდან“ წასვლის მერე, არგენტინელი „რომაში“ (1968-1970) მოღვაწეობდა, რომელსაც 1969 წელს იტალიის თასი ააღებინა.

აღსანიშნავია, რომ 1959-1962 წლებში ერერა ესპანეთის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა, ხოლო 1966-1967 წლებში - იტალიის.

ლეგენდარული მწვრთნელი 87 წლის ასაკში ვენეციაში გარდაიცვალა და კუნძულ სან-მიკელეზე დაასაფლავეს. იგი 2015 წელს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

MySports.ge-ს მკითხველს „კატენაჩოს“ ფუძემდებლის ცნობილ გამონათქვამებს:

 „სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყოველთვის ერთი და იგივე სქემით ვთამაშობდი. მთელი საიდუმლო ისაა, რომ მოთამაშეებს სწორი პოზიცია შეურჩიო, რადგან თუ პელეს იქ არ დააყენებ სადაც საჭიროა, თავისი შესაძლებლობის 30 პროცენტს აჩვენებს“.

„მთავარი ამოცანაა, რომ მოთამაშეების ძლიერი მხარეები ვარჯიშებზე გაიგო და დაინახო როგორ თამაშობენ. ტაქტიკის დამუშავებას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეუდგე“.

„ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელია, პელეზე გაცილებით უკეთესი. ის დაცვაში კლდე იყო, ნახევარდაცვაში - ჭკუა, ხოლო თავდასხმაში - მკვლელი“.

 „პელე ვიოლინოა, ხოლო დი სტეფანო მთელი ორკესტრი“.

„სათამაშო დონეს პლუს მომზადება, ჭკუა და ათლეტიზმი, უდრის ჩემპიონობას“.

 „თუ ვინმე სრულად არ იხარჯება ე.ი საერთოდ არ იხარჯება“.

„რომას“ ჩემპიონობა 1942 წლიდან არ მოუგია და მაშინაც ეს იმიტომ მოახერხა, რომ მუსოლინი წვრთნიდა“.

„ჩემი მოთამაშეები დეტალებისადმი ყოველთვის ყურადღებით არიან. მათ შეცდომა არ უნდა დაუშვან. ჩემი საიდუმლო? პროფესიონალიზმი, პროფესიონალიზმი და პროფესიონალიზმი“.

„არ ვიცი მსოფლიოში საუკეთესო ვარ თუ არა. თუმცა, ვიცი რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ“.

 „ორი სწრაფი პასით მეტოქის საჯარიმოსთან ბურთს უმოკლეს ხანში მიიტან. დრიბლინგი არცთუ სასარგებლოა, რადგან უფრო რესურსია, ვიდრე სისტემა. ბურთი მოთამაშეების გარეშე უფრო სწრაფად მოგზაურობს“.

„21-ე საუკუნის მოთამაშეები მარადონასავით იქნებიან. დაბლები, მაგრამ ძალიან ათლეტურები და ისეთი მაგიით, როგორიც კომპიუტერებსა და მარადონას აქვთ“.

„ფეხბურთში მაგიის ადგილი არაა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ჟინი და ბრძოლაა“.

 „თითოეული მატჩი ეს ისტორიაა“.

„ფეხბურთი ახლა არც დრიბლინგია და არც ტრიუკები. გამარჯვებებია საჭირო“.

„4-2-4-ის, ისევე როგორც სხვა სათამაშო სქემების ბრმად გამოყენება სისულელეა. გუნდის თამაში მისი ფეხბურთელების დონეზეა დამოკიდებული“.

„კატენაჩოს“ სიცოცხლის შანსი არ აქვს. იმ გაკვეთილის შემდეგ, რაც იტალიურმა ფეხბურთმა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ დაცვითმა სისტემებმა საკუთარი თავი ამოწურეს“.

 „ფეხბურთელებთან უთანხმობა არასოდეს მქონია, მათ შორის დი სტეფანოსთან და კუბალასთან, ვიდრე ისინი იმას აკეთებდნენ, რასაც ვეუბნებოდი“.

 „დიდ გუნდებს რატომ ვხელმძღვანელობ? იმიტომ, რომ პატარებს ჩემთვის გადახდა არ შეუძლიათ“.

„ყველაზე ცუდი სხვისი იდეებით წაგებაა“.

 „ჩავარდნები არ მქონია და ამით ვამაყობ“.

„ჩემი ცოლი ფილმისთვის სცენარს წერს, რომლის შეფასება მთხოვა. ამ ფილმში მთავარი როლი რომ ვითამაშო, მას წარმატება გარანტირებული აქვს“.

„ჩემს დროს იყო კლუბი, რომელიც მსაჯებს საჩუქრებს უგზავნიდა. მისი ხელმღვანელების თქმით, არბიტრის ცოლისთის ბეწვის ქურთუკი მხოლოდ ერთ ყუთში იყო. თუმცა, ბეწვეული ყველა ყუთში იდო“.

„ინდივიდუალურად ითამაშა და მეტოქისთვის ითამაშებ“.

 

 

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო,

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ