ყველა სპორტული სიახლე

ტური ორი ახალი მწვრთნელით

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტური სამ დღეზეა გაწერილი.  

ლოკომოტივი (თბილისი) - მერანი (მარტვილი)

15 აპილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 19:00

მთავარი მსაჯი: ა. ნონიკაშვილი, ასისტენტები: ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, სათადარიგო მსაჯი: შ. ქუხილავა. 

„ლოკომოტივის“ მთავარი ამოცანა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რასაც თბილისელთა თავკაცი ჟერარდ სარაგოსა არ მალავს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. „ლოკომოტივს“ ბოლო სამ ტურში არ წაუგია, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.

თავის მხრივ, „მერანიც“ უმაღლეს ლიგაში დარჩენას ლამობს და გასულ ტურში ერთ-ერთი კონკურენტ „საპონელას“ სახლში ნიკა საბანაძის დუბლით აჯობა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში მარტვილელებმა შინ თბილისელებთან 0:3 წააგეს და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „ლოკომოტივისთვის“ ეს სტუმრად მოპოვებული პირველი სამი ქულა იყო.

სიონი (ბოლნისი) - დინამო (ბათუმი)

16 აპრილი. ბოლნისი, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი. 16:00

მთავარი მსაჯი: ლ. სილაგავა, ასისტენტები: დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, სათადარიგო მსაჯი: ჯ. ხორავა.

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა გვალია (ორივე სიონი), ნიკოლა კომაზეცი (დინამო ბთ).

მომავალ ტურს ორივე გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. „სიონის“ თავკაც არმაზ ჯელაძეზე „ახალი“ არც ითქმის, რადგან წლებია კლუბში მუშაობს და ბოლნისელებისთვის მანამდეც უთავკაცია. ბოლო დრომდე იგი მეორე მწვრთნელი იყო.

უფრო უცნაური ვარლამ კილასონიას წასვლა იყო, რომელმაც „სიონის“ ოფიციალურ განცხადებით თანამდებობა ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა. ის პირველი ლიგის „რუსთავში“ იმუშავებს და საინტერესოა, ამ შემთხვევაში ზემოთ ნახსენები ფაქტორები ხელს არ შეუშლის? თავად კილასონიამ ბოლნისელებთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი არ დააკონკრეტა. თუმცა, კითხვებს აჩენს მწვრთნელის გადადგომა, რომელმაც მეორე წრეში ერთი მატჩი წააგო და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე ჰყავს.

ბათუმში მწვრთნელის შეცვლა მოსალოდნელი იყო. „დინამოს“ მიმდინარე სეზონშიც ევროთასებზე გასვლა სურს, მაგრამ ზედიზედ 4 მატჩი წააგო და წინა სეზონის შედეგის გამეორების მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.

შოთა ჭეიშვილი ბათუმელთა თავკაცის პოსტზე ლევან ხომერიკმა ჩაანაცვლა, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბში მიმდინარე სეზონში მუშაობდა. თავად ჭეიშვილი „დინამოს“ მთავარი სელექციონერი იქნება.

პირველ წრეში „სიონმა“ სტუმრად ბათუმის „დინამოს“ 5:3 აჯობა.

ჩიხურა (საჩხერე) - დინამო (თბილისი)

16 აპრილი. ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი, 16:00

მთავარი მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი, ასისტენტები: მ. მუპატაძე, კ. სადილიანი, სათადარიგო მსაჯი: ი. ხერხაძე.

„ჩიხურას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია გასულ ტურში ფოთში ადგილობრივ „კოლხეთთან“ შეწყდა. თუმცა, გამორიცხული არაა საჩხერლებმა კიდევ ერთი მატჩი წააგონ, რადგან მეტოქედ გათამაშების ლიდერი და ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტი ჰყავთ.

პირველ წრეში „დინამომ“ თბილისში მეტოქე 2:0 ოთარ კიტეიშვილის დუბლით დაამარცხა.

სხვათა შორის, მომავალი შეხვედრის გარდა, თბილისელები და საჩხერლები სეზონის დასრულებამდე  კიდევ ორჯერ დაუპირისპიდებიან. კერძოდ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალში „დინამო“ „ჩიხურას“ 20 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო 5 მაისს ამ გუნდებს შორის ივანწმინდაში საპასუხო თამაში შედგება.

საბურთალო (თბილისი) - კოლხეთი (ფოთი)

17 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის  სათადარიგო მოედანი.  16:00

მთავარი მსაჯი: ა. ბასლეჰლო (სირია), ასისტენტები: ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, სათადარიგო მსაჯი: ლ. კვარაცხელია.
დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო).

უმაღლესი ლიგის დებიუტანტ „საბურთალოს“ ესპანელი პაბლოს მარტინის დანიშვნის მერე ზედიზედ 5 ტურია არ წაუგია.

თბილისელებს სერიის გაგრძელების კარგი შანსი აქვთ, რადგან მეტოქედ ნამდვილად არ ჰყათ გუნდი, რომელთან სახლში სამი ქულის აღება არ შეიძლება. ბოლოს სამ ტურში, თბილისში ეს ფოთელთა მეორე სტუმრობაა და პირველ ჯერზე ისინი „ლოკომოტივთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ამჯერად, „კოლხეთს“ თამაში კვლავ ვაკეში მოუწევს, მაგრამ „მიხეილ მესხის“ გვერდით მდებარე სათადარიგო მოედანზე.

პირველ წრეში „კოლხეთმა“ თავის მოედანზე „საბურთალოს“ 1:0 აჯობა.

შუქურა (ქობულეთი) - დილა (გორი)

17 აპრილი. ქობულეთი. სტადიონი „ჩელე არენა“. 16:00

მთავარი მსაჯი: ბ. ნინუა, ასისტენტები: ზვ. ერქვანია, ა. აფციაური, სათადარიგო მსაჯი: გ. ვარდიძე.

დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ ღონღაძე (დილა), აზამატ ჯიოევი (შუქურა).

განვლილ ტურში, „დილამ“ სახლში „სიონს“ სახლში აჯობა და ქულებით „სამტრედიას“ გაუთანაბრდა. ამჯერად, გორელებს დაპირისპირება ქობულეთელებთან მიუწევთ, რომლებიც ბოლო სამ შეხვედრაში სტუმრად ორჯერ დამარცხდნენ და სახლში ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

„შუქურას“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ჩელებაძე, რომლის კლუბის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძის შვილია, ქობულეთში ბრუნდება. უმცროში ჩელებაძე პირველ წრეში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ხოლო ახლა „დილასთვის“ ირჯება. „შუქურას“ სპორტული დირექტორია მენეჯერი მამუკა ჯუღელი, რომლის ბევრი კლიენტი „დილაში“ თამაშობს.

თავის დროზე, ქობულეთელთა ამჟამინდელი თავკაცი თემურ შალამბერიძე „დილაში“ მუშაობდა და ჯერ საქართველოს თასი მოაგებინა, შემდეგ ევროპა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა.

განვლილ ტურში, „შუქურამ“ მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დაამყარა და სტუმრად „ზუგდიდთან“ წაგებულ (0:3) შეხვედრაში ორი ავტოგოლი მიითვალა.

„დილას“ რევანში აქვს ასაღები, რადგან პირველ წრეში სახლში ქობულეთელებთან 1:3 დამარცხდა.

საპოვნელა (თერჯოლა) - ზუგდიდი 

17 აპრილი. ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი. 16:00

მთავარი მსაჯი: გ. ყრუაშვილი, ასისტენტები: ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, 1 დამატებითი ასისტენტი: ი. კვირიკაშვილი, 2 დამატებითი ასისტენტი: დ. სანოძე,  სათადარიგო მსაჯი: კ. გიორგაძე.

ზესტაფონში დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში „საპოვნელა“ „ზუგდიდს“ 2 ქულით გაასწრებს და თუ „მერანმა“ „საბურთალოსთან“ წააგო, მაშინ თერჯოლელები 16 გუნდში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებენ.

მატჩის პრინციპულობაზე ისიც მიანიშნებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ შეხვედრის განსჯა 5 მსაჯს ანდო. როგორც წესი, საქართველოს ჩემპიონატში დამატებით ასისტენტებს მაშინ იყებენენ, როდესაც დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

პირველ წრეში „საპოვნელამ“ სტუმრად 1:2 წააგო. მაშინ, „ზუგდიდისთვის“ ეს პირველი საშინაო გამარჯვება აღმოჩნდა.

გურია (ლანჩხუთი) - ტორპედო (ქუთაისი)

17 აპრილი. ლანჩხუთი,.ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი. 16:00

მთავარი მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი, ასიტენტები :ს. სპიცინი, ზ. ბერულავა, სათადარიგო მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი

დისკვალიფიკაცია: გია ჩადუნელი (გურია), ბაქარ მირცხულავა, ვანო წილოსანი (ორივე გურია).

განვლილ ტურში, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით „გურიამ“ პირველი თამაში მოიგო და ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელს შოთა ჭეიშვილს თანამდებობა დააკარგვინა.

თავის მხრივ, „ტორპედომ“ ქუთაისში „სამტრედიას“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ბოლო ორი შეხვედრის განმავლობაში, ქუთაისელებს მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის მწვრთნელთა ტანდები ხელმძღვანელობდა, რადგან გუნდის თავკაცი უკრაინელი ალექსანდრე შტელინი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

პირველ წრეში „ტორპედომ“ შინ ლანჩხუთლებს 2:1 აჯობა.

სამტრედია - ცხინვალი

17 აპრილი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი. 16:00.

მთავარი მსაჯი: გ. დოგრაშვილი, ასისტენტები: ი. უკლება, ა. კოკაია, სათადარიგო მსაჯი: პ. მაჭარაძე.

დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (ცხინვალი)

„სამტრედია“ ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ, მეორე წრეში პირველად ქუთაისში ადგილობრიც „ტორპედოსთან“ დამარცხდა. არადა, სტუმრებს მატჩს გუნდის საუკეთესო ბომბარდირის ბუდუ ზივზივაძის გოლით იგებდნენ. შედეგად, ევროთასების საგზურისთის მებრძოლმა სამტრედიელებმა გორის „დილას“ დაწევის საშუალება მისცეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს მაინც ინარჩუნებენ. ბუნებრივია, „სამტრედიას“ კიდევ ერთხელ წაფორხილების უფლება არ აქვს.

„ცხინვალი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მეორე წრეში არ მოუგია. ცხინვალელებმა განვლილ 8 შეხვედრაში 3-ჯერ წააგეს და 2 მატჩი ფრედ დაასრულეს.

1. დინამო თბ. 24 21 1 2 64:22 64
2. სამტრედია 24 16 2 6 55:27 50
3. დილა 24 15 5 4 39:19 50
4. სიონი 24 12 7 5 44:26 43
5. ჩიხურა 24 13 4 7 42:21 43
6. ცხინვალი 24 10 8 6 40:30 38
7. დინამო ბთ. 24 10 6 8 35:26 36
8. ტორპედო 24 9 6 9 33:35 33
9. შუქურა 24 8 7 9 23:26 31
10. საბურთალო 24 8 6 10 34:50 30
11. კოლხეთი 24 7 5 12 18:26 26
12. ლოკომოტივი 24 5 7 12 22:29 22
13. გურია 24 4 8 12 21:39 20
14. მერანი 24 4 5 15 21:50 17
15. ზუგდიდი 24 3 6 15 22:52 15
16. საპოვნელა 24 3 5 16 14:49 14

ბომბარდირები:

19 - გიორგი ქვილითაია („დინამო“ თბ.)

15 - ოთარ მარცვალაძე („დილა“).

14- ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“)

13- ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“/ „როსტოვი“).

12 - ირაკლი სიხარულიძე („სამტრედია“), დიმიტრი ტატანაშვილი („სიონი“), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ თბ.).

9 - გიორგი ბერიაშვილი („დინამო“ ბთ.), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), ირაკლი მოდებაძე („დილა“).

8 - თორნიკე მუმლაძე, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე „ჩიხურა“). 
„სიონის“ პრესსამსახურის ფოტო

 

 

 

 

 

 


 

ფეხბურთი, საქართველო,

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ