ყველა სპორტული სიახლე

"მგზავრები" პლეი ოფისკენ მგზავრობას აგრძელებენ

სუპერლიგის 26-ე ტური პრინციპული მატჩით დასრულდა. ბათუმი გამართულ შეხვედრას არც ინტრიგა ახლდა და არც ბრძოლა შედგა, აი, რუსთავში გამართულ მატჩს კი მისი მონაწილე გუნდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

„რუსთავმა“ „მგზავრებს“ უმასპინძლა და აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, ოთხეულში მოხვედრის შანსი რომ შეენარჩუნებინა. თავის მხრივ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ „მგზავრებსაც“ მოგება სჭირდებოდა, რაკი წაგებით ოთხეულს მიღმ რჩებოდა. იყო ერთი მომენტიც: რუსთაველებს რომ მოეგოთ, უმოტივაციოდ დარჩენილი „მგზავრები“ მომდევნო, ბოლოსწინა ტურში პლეი ოფის მეოთხე საგზურისთვის მებრძოლ „სოხუმს“ ხვდებოდა და ცხადია, ფსიქოლოგიური მუხტი სათანადო არ ექნებოდა. ახლა კი, როცა რუსთავში დიდი ჯახი მოიგო, „სოხუმთან“ პლეი იფში გასასვლელ მატჩში შეხვდება.

მართალია, „მგზავრებს“ სოხუმელთა დამარცხება პირდაპირ პლეი ოფში არ გაიყვანს, თუმცა ბოლო ტურში ბერიშვილის გუნდი საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული: მოუგებს ბოლოადგილოსან „აკადემიას“ და პლეი ოფში გავა.

„აკადემიასთან“ მატჩზე არ ვფიქრობთ, მანამდე „სოხუმთან“ გვაქვს მთავარი ბრძოლა, რომლის გამარჯვებულიც პლეი ოფი გავა - განაცხადა ნამატჩევს ბუბა ბერიშვილმა - მთავარია, სოხუმელებთან ვიმარჯვოთ. „რუსთავთან“ მატჩს მომზადებულები შევხვდით და ტაქტიკურად ვერას გავხდებოდით, ბიჭებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ“.

ძნელია, მგზავრების მწვრთნელს არ დაეთანხმო. მისმა გუნდმა ტაქტიკურად გამართული კალათბურთიც ითამაშა და ბოლომდეც იბრძოლა. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მთლიანობაში მას თანაბარი ეთქმოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. მგზავრების ყველაზე დიდი ლიდერობა მე-18 წუთზე დაფიქსრიდა და მან 9 ქულა შეადგინა, რუსთაველების მაქსიმუმი 5 ქულა იყო და მასპინძლები ამ სხვაობით საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე იგებდნენ.

მგზავრებმა სწორედ ბრძოლის ხარჯზე მოახერხეს ამ სიტუაციიდან დაძრომა. ეს ჩამორჩენა თბილისელებმა 1 წუთში აღმოფხვრეს - ჯერ რენსომმა ჩააგდო 2-ქულიანი, შემდეგ კი რეჯი მერფიმ გააკეთა იგივე, თან დამცველი აიძულა, დაჯარიმებულიყო და ბონუს-ქულაც მიითვალა - 70:70 დასრულებამდე 2 წუთით ადრე. გუნდებმა ბურთები გაცვალეს და გადამწყვეტი აღმოჩნდა კაჰიმ რენსომის სამქულიანი, რომელმაც საფინალო სირენამდე 33 წამით ადრე მგზავრები 77:74 დააწინაურა.

თბილისელები დაცვაში რუსთაველთა ლიდერ ნიკოლა გაჩეშაზე დასრულებამდე 24 წამით ადრე დაჯარიმდნენ, რასაც სერბი ლეგიონერის 2 ბონუს-ქულა მოჰყვა და 77:76 მოლიდერე მგზავრებს სრული შეტევა დარჩათ. ცხადია, ბერიშვილის გუნდი ბოლომდე არ შეუტევდა, რაც რუსთაველებმა იცოდნენ და ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. ლევან გრძელიძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 ქულით ჩამორჩენილ მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად 18 წამი დარჩათ. გადამწყვეტი სროლა გაჩეშამ ითავა, თუმცა 2 მეტრიდან ნასროლი ბურთი რკალზე გაჩერდა და უკან გადმოვარდა. საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ბურთი თბილისელთა გოლიათმა ცენტრმა, რეჯი მერფიმ მოხსნა და მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოოდ მგზავრებმა 79:76 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერებმა - რენსომმა (21 ქულა) და მერფიმ (20 ქულა, 11 მოხსნა) დაიდეს. რუსთაველთაგან 34 ქულითა და 10 მოსნით გაჩეშა გამოირჩა, კაილ ტურპინმა კი თავი 21 ქულას მოუყარა. გამოსარჩევია რუსთაველთა გამთამაშებლის მონაგარი, რომელმაც 18 შედეგიანი გადაცემით მიმდინარე სუპერლიგის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ზღვისპირეთში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება, ბოლო ადგილზე მყოფ „აკადემიას“ ზედმეტი გართულების გარეშე სძლია ლიდერმა „ბათუმმა“. 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

რუსთავი - მგზავრები  76:79

ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): „აკადემიასთან“ მატჩზე არ ვფიქრობთ, მანამდე „სოხუმთან“ გვაქვს მთავარი ბრძოლა, რომლის გამარჯვებულიც პლეი ოფში გავა. ესე ვთქვათ, ეს საჩუქარი გუშინ „დინამომ“ გაგვიკეთა, რომელმაც „სოხუმს“ მოუგო და ჩვენ ბოლო 3 ტურის მოგების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსი მოგვცა. „რუსთავთან“ მატჩს მომზადებულები შევხვდით და ტაქტიკურად ვერას გავხდებოდით, ბიჭებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ.

რამაზ გოგობერიშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):  თუკი დაცვაში ვერ ითამაშებ, თამაშს ვერ მოიგებ. ჩვენ გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო შეხვედრა წავაგეთ. მეტოქემ ისარგებლა და დაშვებული შეცდომები არ გვაპატია. ვულოცავ „მგზავრებს“ ამ გამარჯვებას და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.

ბათუმი - აკადემია  110:89 

გიორგი ნიკოლაძე („აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): მოსალოდნელი იყო ეს დამარცხება. ისევ და ისევ იგივე პრობლემა, ფარზე ვიჩაგრებით რადგან არ გვყავს მაღალი მოთამაშე. პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი დაღლილობამაც თავისი ქნა. 

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ველოდით ამ გამარჯვებას, რადგან აკადემია შესუსტებული შემადგენლობითაა. ეს იყო მოსამზადებელი თამაში შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც ქუთაისში გველოდება და რომელიც შეიძლება ითქვას გადაწყვიტავს ვინ იქნება პირველ ადგილზე.

superleague.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ