ყველა სპორტული სიახლე

დუდუ დადიანის მემორიალი "ბარსიმ" მოიგო

დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური შეხვედრაში "ბარსიმ" "ქუთაისი" დაამარცხა.

მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა, თუმცა ყაზახებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და სასტარტო მეოთხედს დამაჯერებლად, 10 ქულით იგებდნენ. მეოთხედის უკანასკნელ წუთზე სხვაობა ცეკვავამ ზუსტი სამიანით შეამცირა.

მეორე პერიოდში ქუთაისელებს მეტოქესთან მიახლოვება შეეძლოთ, რომ არა მათიაშვილის მიერ ზედიზედ 5 აცილებული საჯარიმო. თუმცა, "ქუთაისის" ცენტრმა თამაშიდან შეძლო ზუსტი ტყორცნის შესრულება. მალევე მას ბაბუნაშვილმა და ბარბაქაძემ აუბეს მხარი და იმერლებმა დაწინაურებაც შეძლეს, მაგრამ მეტოქემ ტუღუშის გუნდს საჯარიმოების კატასტროფული რეალიზაცია არ აპატია და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა - 39:38.

ყველაზე წარმატებული ყაზახური გუნდისთვის მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "ბარსიმ" 25:16 მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ კომფორტული 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, ტუღუშის გუნდმა გაიბრძოლა და თამაშში დაბრუნება შეძლო. ეგ კი არა, სხვაობა 2 ქულამდეც კი შემცირდა და მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქუთაისელებს შეტევის შანსი მიეცათ, თუმცა ზაურ ფაშაევის მიერ ნასროლი სამიანი მიზანს ასცდა და საბოლოოდ ყაზახებმა 78-74 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში "ქუთაისის" აზერბაიჯანელ ლეგიონერს თავისუფლად შეეძლო 2 ქულაზე თამაში და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, თუმცა ფაშაევმა მატჩის მოგება გადაწყვიტა...

"ბარსის" შემადგენლობაში 26 ქულითა და 5 მოხსნით ყველაზე შედეგიანი მიხეევი გახლდათ. გამორჩეულები იყვნენ კუკი (18 ქ. 8 მ), და ევსტიგნეევი (16 ქ.), რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქუთაისელებს 16 ქულით გიორგი ბარბაქაძემ, ბექაურმა (13 ქ.) და ცეკვავამ (12 ქ) ულიდერეს.

გამარჯვებულები მატჩის დასრულებისთანავე დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი პაველ მიხეევმა დაისაკუთრა, ხოლო ატირაუელთა კაპიტან კადირზან გუბაშევმა საჩემპიონო თასი ჩაიბარა.

 

ბარსი 78 - 74 ქუთაისი

25-18, 14-20, 25-16, 14-20

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო,

არქივის კალენდარი

2023 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ