ყველა სპორტული სიახლე

"დინამომ" "ოლიმპს" იოლად სძლია

სუპერლიგის ბოლოსწინა ტური დღეს დაიწყო. თბილისში დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე დასრულდა. მოლოდინისამებრ, „დინამომ“ „ოლიმპი“ დაამარცხა და სანამ რეგიონების მატჩები გაიმართებოდეს, ლიდერ „ბათუმს“ შეუერთდა.

„დინამოს“ მოგება ძალიან სჭირდებოდა საიმისოდ, რომ რეგულარული ჩემპიონატის მეორე, ვინძლო, პირველი ადგილისთვისაც ნიადაგი შეენარჩუნებინა. თუკი, ბოლო ტურში „დინამო“ „ქუთაისს“ დაამარცხებს, მეორე ადგილს გაინაღდებს და პლეი ოფის პირველ წრეში მოედნის უპირატესობა ექნება. ხოლო, თუ „ბათუმი“ დარჩენილ ორივე მატჩს წააგებს, ზემოთხსენებული შედეგით შესაძლოა, „დინამომ“ პირველი ადგილიც კი დაიკავოს.

შესაბამისად, დინამოელთათვის „ოლიმპთან“ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება „ოლიმპს“, ამ გუნდს ბოლოსწინა ადგილი გარანტირებული აქვს და დიდად არც სუპერლიგიდან გავარდნა ემუქრება. „აკადემია“ სოლიდური სხვაობით ჩამორჩება „ოლიმპს“ და ამ სხვაობის აღმოფხვრა ლეგიონერების გარეშე დარჩენილი „აკადემიისთვის“ პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება „დინამოსა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირებას, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დამაჯერებლად - 96:72 იმარჯვა. დინამოელთაგან ექვსმა კალათბურთელმა უწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 17 ქულით საუკეთესო იყო სერბი, მაქსიმ კოვაჩევიჩი. 12 ქულა დააგროვა სანდრო სანაძემ, ხოლო 11-11 მოუგროვდათ მიხეილ ბერიშვილსა და ნოდარ გოგოძეს.

მომდევნო მატჩში, ნახევარფინალში გასვლის ტოლფას მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „მგზავრები“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

გია მაისურაძე („ოლიმპის“ მწვრთნელი): ისევ და ისევ წავაგეთ, თავს იჩენს დაღლილობა, რადგან 3 მოთამაშე ტრამვირებული გვყავს და ალბათ სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან, მხოლოდ 7 მოთამაშის იმედად ვართ.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ოთხეულში გავედით, თუმცა რომელ ადგილზე გავალთ ამას უკვე დარჩენილი თამაშები გამოავლენს.

superleague.ge


კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ