ყველა სპორტული სიახლე

ფეხბურთელის ბლოგი - გიორგი ივანიშვილი (ნაწილი I)

ფეხბურთელების ცხოვრება სიძნელეებითაა სავსე. სპორტული ცხოვრების მიღმა პირადი ცხოვრება და განსხავებული გარემოა, რომელიც ფეხბურთელის წარმატებასა და წარუმატებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

დღევანდელი ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სტანდარტს ბევრი მიმართულებით ვერ აკმაყოფილებს. ამას მრავალი მიზეზი აქვს რომელზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ფეხბურთში არ არის. ქართულ რეალობაში ერთეული სფეროებია, რომელიც მნიშვნელოვნად პროგრესირებს. სწორედ ამიტომ Mysports.Ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა ფეხბურთის და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს თავად ფეხბურთელების მეშვეობით გააცნობს ის რეალობა, რომელშიც მათ უწევთ ვარჯიში, თამაში და ცხოვრება.

ჩვენი რუბრიკის ''ფეხბურთელის ბლოგი'' პირველი ავტორი კი ს.კ. ''ცხინვალის'' ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილია.



26 წლის ნახევარმცველმა პროფესიული კარიერა გასულ წელს ''ცხინვალში'' განაახლა და მალევე ამ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 2014-2015 წლების სეზონში ივანიშვილმა ''ცხინვალთან'' ერთად ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

როგორც თავად ამბობს ფეხბურთის გარეშე გატარებული პერიოდი მისთვის დეპრესიული აღმოჩნდა. მისივე თქმით კარიერის განახლება ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადააწყვეტინა. ივანიშვილი ''ცხინვალის'' რიგებში მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. 26 წლის ნახევარმცველმა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

ფეხბურთელი ბლოგის საშუალებით ეტაპობრივად გააცნობს გულშემატკივარს საკუთარი ცხოვრების რეჟიმს, ხედვებსა და გამოცდილებას. ივანიშვილმა საფეხბურთო კარიერა ევროპაში, კერძოდ შვეიცარიაში დაიწყო, სადაც 7 წელზე მეტი გაატრა. იგი იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრების წევრიც.

ჩვენი რედაქცია შეეცდება რუბრიკაში ''ფეხბურთელის ბლოგი'' ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც ჩართოს. მიგვაჩნია, რომ ამ რუბრიკითა და ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულების გადმოცემით გულშემატკივარი უფრო კარგად გაიცნობს ქართულ ფეხბურთს.

გიორგი ივანიშვილი - ''ცხინვალის'' ნახევარმცველი

„ყოველთვის მინდოდა კრიტიკოსებისთვის დამენახებინა რეალურად რამდენად რთულია ფეხბურთში ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც თავად ჰგონიათ, რომ სხვაზე ბევრად მარტივად გააკეთებენ. ბევრი ადამიანია, ვინც ფეხბურთელის შრომას არ აფასებს, ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა საქმე მის ფავორიტ გუნდში მყოფ მოთამაშეს ეხება.

ჩემი ბლოგით, რომელიც ერთჯერადი არ იქნება, მინდა ფეხბურთის მოყვარულებს, ჟურნალისტებსა და განსაკუთრებით ერთგულ გულშემატკივარს დავანახო ის დეტალები, რომელიც წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია და რომლის გარეშეც ფეხბურთელი განვითარებას ვერ შეძლებს. სწორედ ამ იდეის გამო გადავწყვიტე მომენტალურად დავთანხმებულიყავი პერსონალური ბლოგის წერას.

მინდა ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცოდეს, თუ რას განიცდის ფეხბურთელი მოგებული და წაგებული თამაშის შემდეგ, რას განიცდის, მაშინ როდესაც თამაში არ გამოსდის, ან ყველაფერს ისე აკეთებს როგორც თამაშამდე ჰქონდა ჩაფიქრებული.

რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ და ვიკამათოთ, საბოლოოდ ფეხბურთში შედეგი სათანადო პირობების ქონასა და მის სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რა შედეგი დაფიქსირდა წინა მატჩში, მომდევნო თამაშის წინ აბსოლუტურად იგივე შემართება გაქვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ მოიპოვო 3 ქულა.

ფეხბურთელი ცდილობს მუდმივად კარგ ფორმაში იყოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა. თუმცა ზოგჯერ ამის მოხერხება ძნელია. ამ ყველაფერზე გავლენას მოსამზადებელი პირობები და განწყობა ახდენს.



თუ ფეხბურთელის თამაშს მწვრთნელის ან გულშემატკივრის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა, მაშინ ის ეცდება მომდევნო მატჩისთვის საკუთარ მომზადებაში მინიმალური ცვლილებები შეიტანოს. ხოლო, თუ უარყოფითად შეფასდება მისი თამაში, მაშინ ის ცდილობს, რომ მომზადების პერიოდი რამენაირად შეცვალოს.

ბათუმის ''დინამოსთან'' სტუმრად წაგებულ მატჩში საფინალო სასტვენის ხმა რომ გაისმა მოედანზე დავწექი და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რატომ ვერ მოვიგეთ კიდევ ერთი თამაში მეორე წრის დაწყების შემდეგ. შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დავჯექი, გადავხედე ლევან კაკუბავას და მივხვდი, რომ ისიც ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო.



თამაშის შემდეგ პრობლემებისა და მიზეზების ძებნა ყოველთვის ადვილია, მაგრამ რეალური და მკაფიო ანალიზის გაკეთებას რამდენიმე საათი ან სულაც დღე სჭირდება.

ბათუმის ''დინამოსთან'' მატჩის შემდეგ გასახდელში რომ შეგეხედათ, მიხვდებოდით თუ რა ხდება გუნდში. ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს, რაც ფინანსური არასტაბილურობის შედეგია. საფეხბურთო მოედნის მიღმა ყველას საკუთარი პრობლემა აქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ნელ-ნელა მოედანზეც აისახება.



''ცხინვალში'' არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი საკუთარ თანაგუნდელებს ვერანაირად ვერ გავამტყუნებ. მაქსიმალური თავდადებისა და კონცენტრირების გამომჟღავნება ძალიან ძნელია, როცა ფეხბურთის გარდა ბევრ პრობლემაზე ფიქრი გიწევს. თუმცა, როგორც ხშირად გსმენიათ, ცხოვრება გრძელდება.

შხაპის მიღების შემდეგ ავტობუსში ჩავსხედით და თბილისისკენ დავიძარით. მე ჩემს ადგილზე დავჯექი და საყვარელი სერიალებისა და ფილმების ყურება დავიწყე. მიუხედავად ამისა, თავში ყველა ის მომენტი მიტრიალებდა, რომელშიც თამაშის დროს მივიღე მონაწილეობა. ამ დროს საკუთარ თავს მუდმივად კითხვებს ვუსვამ: რა შემეძლო გამეკეთებინა სხვანაირად კონკრეტულ მომენტში? ან, რა დაგვაკლდა წარმატებისთვის?

წაგებული მატჩის შემდეგ სახლში, მეუღლესთან დაბრუნება ძალიან მიყვარს. ჩემი მეუღლე ყველა იმ უარყოფით ენერგიასა და გრძნობას მინეიტრალებს, რომელიც წაგებული თამაშიდან მომყვება. მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნების შემდეგ ყველაზე მეტად წაგებული მატჩის მიზეზებზე ლაპარაკი მაღიზიანებს. რატომ ვერ მოიგეთ? რატომ ვერ ითამაშე? ამაზე პასუხის გაცემას მირჩევნია ოთახში ჩავიკეტო და მეორე დღემდე არ გამოვიდე.

თამაშის მეორე დღეს მთავარი მწვრთნელი ყოველთვის დასვენების საშუალებას გვაძლევს. ამ დღეს ვცდილობ მაქსიმალურად განვიტვირთო და ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ვიფიქრო. ეს ცხადია რეჟიმსა და კვებას არ ეხება. სათანადო კვებას, დასვენებას და ძილს დიდ ყურადღებას ვუთმობ. თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ვატარებ, ვსეირნობ, ფილმებს ვუყურებ და რა თქმა უნდა ფლეისთეიშენს ვთამაშობ. დასვენებიდან მეორე დღეს უკვე წაგებული მატჩის დავიწყება და მომდევნო მატჩისთვის მზადება იწყება.

წინ სეზონის ბოლოა, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის...მომდევნო მატჩების ემოციებზე უფრო მეტ დეტალს ჩემს მომავალი კვირის ბლოგში წარმოგიდგენთ.

P.S. ეს ბლოგის დაწერის პირველი მცდელობა იყო, ამიტომ თითოეული გულშემატკივრის გამოხმაურება, ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის დამატებითი მოტივაციაა. მომავალ შეხვედრამდე. წინ ''გურიასთან'' მატჩია. შევხვდებით მიხეილ მესხის სტადიონზე შაბათს, 16:00 საათზე, ან ისევ ვირტუალურ სამყაროში. თუმცა ფეხბურთელთან შეხვედრის საუკეთესო ადგილი სტადიონია…''

ფეხბურთი, საქართველო, საინტერესო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ