
გიორგი ივანიშვილის ბლოგი #2 - (მატჩები დინამო თბილისისა და სამტრედიას წინააღმდეგ)
"ფეხბურთელის ბლოგი" - გიორგი ივანიშვილი - 26, ს.კ ცხინვალი, პოზიცია - ნახევარმცელი, ბლოგი #2
''ბლოგის წერა და ხალხთან ურთიერთბის ახალი ფორმა საინტერესო აღმოჩნდა.
წერის პროცესზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი გარკვეული მომენტებისა და ეპიზოდების ჩანიშვნაა, რომელიც ყოველდღიურად ხდება. ადრე ამას არასდროს ვაკეთებდი.
ვფიქრობ მკითხველს ყველაზე მეტად გულწრფელი საუბარი აინტერესებს.
მეც მაქსიმალურად ვცდილობ ჩემსა და მათ შორის კომუნიკაცია ახლო და გულწრფელი გამოვიდეს.
როდესაც ჩემი პირველი ბლოგი გამოქვეყნდა ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა დამირეკა. უმეტესობას მოეწონა და მათმა შეფასებებმა ძალიან გამახარა.
ბლოგს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში. საქებარი სიტყვები არც ჩემს თანაგუნდელებს და კონკურენტი გუნდების რამდენიმე ფეხბურთელს დაუშურებია.
ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ტორპედოში თამაშობს დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი ბლოგი. კლიმოს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ერთად საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ვთამაშობდით და იმ პერიოდში ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩიც მოვიგეთ.
ბლოგის წერასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევაც მივიღე, ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ჩემი მეუღლეა, რომელიც აზრების სრულყოფილად გადმოცემაში მეხმარება.
ბათუმის დინამოსთან დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ტური გავიდა. ჩვენი გუნდისთვის კი მატჩის ფრედ დასრულება ტრადიციად იქცა. ასე მოხდა უკანასკნელ შეხვედრაშიც. ძალიან მწყდება გული, რადგან ფეხბურთელები წარმატებისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ, ბოლომდე ვვარჯიშობთ და ვიხარჯებით, მაგრამ ნავსი მაინც ვერ გავტეხეთ.
შემიძლია ახლავე ჩამოვთვალო ათასი მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიგებთ, მაგრამ უკეთესია პრობლემები მაინც საკუთარ თავში ვეძებოთ და იმ კონკრეტულ მიზეზებს გავცეთ პასუხი, რის გამოც კიდევ ერთ მატჩში დავკარგეთ ქულები.
მახსოვს პატარაობისას ეზოდან სახლში თუ წაგებული ვბრუნდებოდი თავს იმით ვიმართლებდი, რომ მე კარგად ვითამაშე. თუმცა ყველამ ვიცით, რომ გუნდი მე კი არა ჩვენ ვართ. რომელიმე ფეხბურთელმა, ან რამდენიმე მათგანმა შეიძლება კარგად ითამაშოს, მაგრამ მთავარი გუნდურობაა, ვფიქრობ წარმატების მისაღწევად უფრო მეტი ურთიერთგაგება და ერთიანობა გვჭირდება.
ჩემს რიგით მეორე ბლოგში ძირითადად დინამო თბილისთან და სამტრედიასთან დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებ.
ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს პატივს ვცემ და ყველა მათგანი ღირსეულ კონკურენტად მიმაჩნია, მაგრამ ხსენებული ორი გუნდი ჩემპიონატის დაწყებისთანავე ჩვენს უშუალო კონკურენტად მიმაჩნდა.
ვფიქრობ პირველი წრის შემდეგ ბრძოლა არა მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, უფრო დიდი მიზნისთვისაც შეგვეძლო, მაგრამ ახლა მეექვსე პოზიცაზე ვართ.
დინამოსთან თამაში ალბათ ყველა გუნდისა და ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია. ზედმეტია იმაზე საუბარი რა მდიდარი და წარმატებული ისტორია დაწერა საქართველოსთვის ამ კლუბმა. შესაბამისად ძნელია ასეთ მეტოქესთან თამაშისას რაიმე დამატებით მოტივაციაზე იფიქრო. დინამოსთან თამაშს მოტივაცია და წარმატების სურვილი ბუნებრივად თან ახლავს.
ვფიქრობ გულშემატკივარმა დინამოსა და ჩვენი გუნდის დაპირისპირებით ისიამოვნა. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ბევრი და ლამაზი გოლით. საბოლოოდ 4:2 დავმარცხდით და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. მას შემდეგ რაც 2:0-ს ვაგებდით შევძელით და წონასწორობა აღვადგინეთ. პირველი გოლი გორგიმ (თორნიკე გორგიაშვილი) ჩემი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანა. ანგარიში კი ბეჭვამ (გიგა ბეჭვაია) გაათანაბრა, ასევე ჩემი პასით.
დინამოს წინააღმდეგ გატანილ გოლებში მონაწილეობის მიღება სასიამოვნოა. თანაც მათ წინააღმდეგ პირველ წრეში ერთი გოლი მეც გავიტანე, გასულ წელს კი ერთი კვირის ინტერვალში ორჯერ მოვახერხე მათი დამწუხრება.
დინამოსთან უკანასკნელი დაპირისპირების ბედი მათმა ფორვარდმა, ქვილითაიამ გადაწყვიტა. ის შეცვლაზე შემოვიდა და 2 გოლი გაგვიტანა. ჩემი აზრით გიორგი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრფორვარდია. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო.
დინამოში თამაშის შესაძლებლობა დაახლოებით 6 წლის წინ მეც მქონდა. მაშინ შვეიცარიაში ვთამაშობდი და თბილისში ყოფნის დროს ფორმის შესანარჩუნებლად სწორედ ამ კლუბში ვვარჯიშობდი. საქართველოს ჩემპიონატში თამაში მაშინ დიდად არ მინდოდა, თანაც ციურიხთან კონტრაქტი მაკავშირებდა. ოჯახთან და ახლობლებთან უფრო ახლოს ვიქნებოდი რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც შვეიცარიაში თამაში ვამჯობინე.
დინამოს ალექს გარსია წვრთნიდა, რომელმაც ჩემი სიმპათია რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ დაიმსახურა. მოკლედ, საქართველოში დაბრუნება გადაწყვეტილი რომ მქონოდა დინამოში აუცილებლად დავრჩებოდი.
მიუხედავად დასანანი მარცხისა, დინამოსთან მატჩის შემდეგ სამტრედიის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე გადავერთეთ. მთელი შემართებითა და მონდომებით ვივარჯიშეთ, თამაშის წინა დღეს კი ქუთაისში გავემგზავრეთ, სადაც დავბინავდით.
სამტრედიასთან მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ადმინისტრატორმა კოტემ გუნდის ექიმი ერთგვარ დუელში გამოიწვია. კოტე დარწმუნებული იყო, რომ 30 მეტრიან დისტანციაზე მისი ჩამოტოვების შანსი 0-ს უტოლდებოდა.
ჩვენ რომ ხელფასები თავის დროზე აგვეღო, ფულს მომენტალურად დავდებდი გოჩას გამარჯვებაზე და არც შევცდებოდი. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ექიმმა კოტეს აჯობა. ამდენი ნეგატივისა და დაძაბულობის ფონზე მათმა საქციელმა ბიჭები ცოტა გაგვამხიარულა. წინ მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩი გველოდა.
საფეხბურთო კლუბ სამტრედიას გულშემატკივარი ცხინვალთან მატჩში
არ აქვს მნიშვნელობა კარგ ფორმაშია თუ არა სამტრედია, მათთან სტუმრად თამაში ყოველთვის ძნელია. ეს პირველ რიგში მათი გულშემატკივრის დამსახურებაა. ისინი მოედანზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. სამტრედიელი გულშემატკივრის მსგავსი მხარდაჭერა ბევრ ქართულ კლუბს არ აქვს, მსგავსი გულშემატკივრის წინაშე თამაშს ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა. დიდი ბედნიერებაა გყავდეს ასეთი ერთგული და მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის არმია. მინდა მათ ფეხბურთის ასეთი სიყვარულისა და მოედანზე ასეთი ატმოსფეროს შექმნისთვის მადლობა გადავუხადო.
კაჭოს (კახა კაჭარავა, ცხინვალის მთავარი მწვრთნელი) დავალებით სამტრედიასთან პრესინგს ხშირად მივმართავდით და მეტოქეს მოედნის ცენტრთან კომპაქტურად ვეთამაშებოდით. თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ბურთი კარგად და ხანგრძლივად დავიჭირეთ, რასაც ადგილობრივი გულშემატკივრის უკმაყოფილება მოჰყვა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ასაკის მატებასა და გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ საკუთარ გოლებსა და საგოლე პასებზე უფრო დიდი სიხარულია, როდესაც ხედავ როგორ ვითარდება შენს თვალწინ ახალგაზრდა ფეხბურთელი. მსგავსი შეგრძნება ცხინვალის რამდენიმე მოქმედ წევრზე აქამდეც მქონია.როცა გაბრიჩამ (ნიკა გაბრიჩიძე, 18 წლის) სამტრედიას გოლი გაუტანა და დაგვაწინაურა ალბათ მაგ მომენტში ყველა პრობლემა და წარუმატებლობა დამავიწყდა. მემგონი ასე ჩემი გოლი არ გამხარებია. ამას რა თქმა უნდა ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. გარდა იმ მიზეზისა, რაც ზემოთ აღვნიშნე, ნიკა ჩემი ოჯახის წევრია.
85-ე წუთამდე სამტრედიას ვუგებდით, მაგრამ უკანასკნელ 8 წუთში ორი გოლი გავუშვით და კიდევ ერთი პრინციპული მატჩი წავაგეთ. სანამ ირაკლი სიხარულიძე ანგარიშს გაათანაბრებდა ვფიქრობდი, რომ მეორე წრეში ჩვენი პირველი გამარჯვება სწორედ სამტრედიასთან უნდა გვეზეიმა, თუმცა შევცდი. არადა დაცვაში მთელი მატჩის მანძილზე კარგად ვითამაშეთ და დასანანი გოლები გავუშვით.
სამტრედია 2:1 ცხინვალი (სამტრედიელი გულშემატკივარი)
მატჩის დასრულების შემდეგ სამტრედიელმა გულშემატკივარმა საკუთარ გუნდთან ერთად ტაში ჩვენც დაგვიკრა, რაც მათი მხრიდან კარგი და ღირსეული ჟესტი იყო. ვფიქრობ სატურნირო ცხრილსა და მოედანზე დაძაბულობის მიუხედავად გულშემატკივარი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის თამაშსაც უნდა აფასებდეს. ძალიან მესიამოვნა როცა გასახდელისკენ მიმავალი და დამწუხრებულები მათ ტაშით გაგვაცილეს.
ხანდახან მგონია რომ გუნდში არსებული ნეგატიური ფონი აღარ დასრულდება, მაგრამ საკმარისია სახლში დავბრუნდე, რამდენიმე საათით ყველაფერი მავიწყდება. ეს პირველ რიგში ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომელზეც პირველ ბლოგშიც ვისაუბრე.
მე და უკა (ნინუკას ჩემი პატარა და უკას ეძახის და შესაბამისად ეს სახელი შერჩა) თავისუფალ დროს ძირითადად ჩვენი ახალი სახლის გარემონტებას და ინტერიერის შესაბამისი აქსესუარების შერჩევას ვუთმობთ. აქედან გამომდინარე ხშირად მიწევს მაღაზიებში სიარული. როცა საქმე არ გვაქვს მე და ჩემი მეუღლე ჩვენს სახლთან ახლოს ვაკის პარკში ვსეირნობთ, ან კუს ტბაზე ვატარებთ დროს.
სულმოუთქმელად ველოდები სექტემბერს. მე და ნინუკა პატარა გოგოს ველოდებით. გადმოცემით ვიცი, რომ შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მალე ამ ბედნიერების მონაწილე ჩემს მეუღლესთან ერთად ვიქნები.
ჩემს რიგით მეორე ბლოგის დასასრულს ბოლნისის სიონთან 30 აპრილის დაპირისპირებას შევაფასებ. ვფიქრობ რთული მატჩი გველის, რადგან სიონი ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, თანაც ბოლნისელებს პირველ წრეში საკუთარ მოედანზე 2:0 მოვუგეთ. მეორე გოლი სიონს თავად გავუტანე. დარწმუნებული ვარ რევანშისთვის იბრძოლებენ, ჩვენ კი ვეცდებით მეორე წრეში პირველი მატჩი სწორედ მათთან მოვიგოთ.