
26 ქულა 26 წუთში - შერმადინმა "ანდორას" მოაგებინა
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის "ანდორამ" 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და "ხოვენტუდ ბადალონას" 96:65 სძლია.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ანდორელთა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25:50 წუთში საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და ათივე საჯარიმო ჩააგდო მეტოქის კალათში. 26 ქულასთან ერთად შერმადინის აქტივში 5 მოხსნაც იყო.
12 მოგებითა და 18 მარცხით "ანდორა" მე-11 პოზიციაზეა და პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს 2 მოგებით ჩამორჩება. მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი თორნიკე შენგელიას "ლაბორალს" მიიღებს. მატჩი 8 მაისს შედგება.