ყველა სპორტული სიახლე

ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე

გუშინ, 3 მაისს, საქართველომ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ყველა საჭადრაკო ტიტულის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლის წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში, მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა:
„დღეს ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა. ჩვენი საამაყო მოჭადრაკე, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ქალბატონი ნონა 75 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჩვენი დიდი სპორტული ოჯახის სახელით, გილოცავთ ამ იუბილეს!
თუ რა ადგილი უკავია ქალბატონ ნონას ქართული სპორტის ისტორიაში, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ - ყველა ჩვენგანმა შესანიშნავად იცის ქალბატონი ნონას დამსახურება.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქალბატონი ნონა არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია! ამ სიტყვების დასტურად ზუსტად ოცი წლის წინ მომხდარი ფაქტიც გამოდგება, როცა 1996 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციამ და ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი ორდენით დააჯილდოეს! დამეთანხმებით, ასეთი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ქალბატონი ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ მისი სახელობის თასიც დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
ქალბატონი ნონას დედოფლობა თექვსმეტი წელი გაგრძელდა. სწორედ მან გაუკვალა გზა ჩვენ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან აქცია საქართველო პლანეტარული მასშტაბის საჭადრაკო ცენტრად!
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი... ქალბატონი ნონას ტიტულების და მიღწევების სრულად ჩამოსათვლელად მთელი დღე არ გვეყოფა - ძალიან დიდია მისი დამსახურება!
კიდევ ერთხელ: ვულოცავ ქალბატონ ნონას და მთელ საქართველოს 75 წლის იუბილეს"!

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლეგენდარული მოჭადრაკე სპორტის რაინდის საპატიო მედლით დააჯილდოვა.

ვერის ბაღსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ჭადრაკის ფედერაციების წარმომადგენლები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის მესვეურები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭადრაკეები, პოლიტიკოსები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებამ თამარ ბალავაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მომზადებული ფილმი „ნონა" იხილა, სტუმრებმა კი არაერთი თბილი სიტყვა უძღვნეს იუბილარს და სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს. გუშინვე ნონა გაფრინდაშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი უმაღლესი ჯილდოთი - ოლიმპიური ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა! საიუბილეო საღამო დაამშვენეს „სუხიშვილებმა", ანსამბლმა „შვიდკაცამ", ასევე ეკა მამალაძემ, მაია ჯაბუამ და ლიზა ბაგრატიონმა.

ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჭადრაკის ფედერაციის ძალისხმევით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

www.msy.gov.ge

ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ