ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამი თვე რჩება, თუმცა ოლიმპიელთა ვინაობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. სალიცენზიო ტურნირების ციკლს ივლისის პირველ ნახევარში მძლეოსნები დაასრულებენ და სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი სპორტსმენით წარსდგება საქართველო რიო დე ჟანეიროში.

სპორტის უმეტეს ოლიმპიურ სახეობაში ლიცენზიის განაწილების სხვადასხვაგვარი წესი მოქმედებს, რაც კონკრეტული სახეობის სპეციფიკიდან ან შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თუ მძლეოსნობასა და ცურვაში საოლიმპიადოდ ნორმატიული ბარიერებია დაწესებული, ძიუდოში ყველაფერი რეიტინგების მიხედვით წყდება - საგზურს ის მიიღებს, ვინც 30 მაისის მდგომარეობით თავის წონაში მოწინავე 22 სპორტსმენს შორის აღმოჩნდება.

გარდა ამისა, სპორტის ზოგიერთ სახეობაში მოქმედებს ე. წ. როტაციის პრინციპი. მაგალითად, ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში ნებადართულია ლიცენზიანტების ჩანაცვლება, მაშასადამე, გუნდის საბოლოო შემადგენლობა მწვრთნელთა არჩევანზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი დეტალი: ხშირ შემთხვევაში, ლიცენზიას იძლევა ოლიმპიური წლის კონტინენტურ ჩემპიონატებზე მოპოვებული საპრიზო ადგილები, თუმცა გამონაკლისი ამ წესსაც აქვს. მაგალითად, მოჭიდავეთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი (ოქროს მედალიც კი) არათუ ლიცენზიას, არამედ სალიცენზიო ქულებსაც არ იძლეოდა, რაც ძალზე უცნაური ამბავია. ოლიმპიელთა გამოვლენის წესებში სხვა კითხვის ნიშნებიც არის, მაგრამ ახლა ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ.

დღევანდელი მდგომარეობით, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ჩვენ გვყავს 31 ოლიმპიელი. ისინი წარმოადგენენ სპორტის 11 სახეობას: ძიუდო (7 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ძალოსნობა (4), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), მძლეოსნობა (1), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1).

რაკი ჩვენთვის პერსპექტიულ სახეობებში დარჩენილია რამდენიმე სალიცენზიო ტურნირი, იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიელთა რიგები კიდევ შეივსება. 6-8 მაისს სტამბულში გაიმართება მოჭიდავეთა ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება (ლიცენზიებს მიიღებენ ფინალში გასული სპორტსმენები). ქართველ ბერძენ-რომაელთაგან რიოს საგზურისთვის იბრძოლებენ 59, 85 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები. მაის-ივნისში სოფია და ბაქო უმასპინძლებენ მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირებს, მაისში კანოისტები ლიცენზიების გასანაწილებლად შეიკრიბებიან გერმანულ დუისბურგში, მაის-ივნისში კი ნოტინგემსა და ანტალიაში დარჩენილი ოლიმპიური ადგილებისთვის იბრძოლებენ მშვილდოსნები. გარდა ამისა, ოლიმპიადაზე მოხვედრის მეტნაკლები შანსი აქვს ჩვენს 3-4 მძლეოსანს, აგრეთვე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი - 36-36 ოლიმპიელი გვყავდა ატლანტასა (1996) და სიდნეიში (2000), ყველაზე ნაკლები - 33 სპორტსმენი - ათენში (2004).

www.geonoc.org.ge

საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ